კორონავირუსი საქართველოში

"აქ თუ არ გამოვედი და არ ვიმუშავე, რა უნდა ვაჭამო შვილებს"- ოზურგეთის ბაზარი ვერ გაიხსნა

1 TV

27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, რაც ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნასაც გულისხმობს. ოზურგეთის ბაზრის გახსნა ვერ მოხერხდა.

ბაზრის დირექტორის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლეს და ბაზარი ამიტომაც ვერ გაიხსნა. მოვაჭრეები რუსთავი 2-თან ამბობენ, რომ ბაზარში მუშაობის გაგრძელების იმედი დღეიდან ჰქონდათ. მათივე თქმით, გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბაზრის გახსნა. 

"სამი ბავშვი მყავს სახლში. აქ თუ არ გამოვედი და არ ვიმუშავე, რა უნდა ვაჭამო. დედა მყავს პენსიონერი და დიაბეტიანი, იმას წამალი უნდა. ამით ვშვრებოდი ყველაფერს. დაგვიკეტეს, ადექით, წადითო გვეუბნებიან და სად წავიდეთ, მაშინ დაგვეხმარონ"- ამბობს ერთერთი მოვაჭრე. 

პრემიერის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა შემსუბუქება, რომელიც 27 აპრილიდან იმოქმედებს, შეეხება იმ სუბიექტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ რეკომენდაციებს. 

"ეს შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, რომლებშიც გამკაცრებული საკარანტინო წესები მოქმედებს"- აღნიშნავს ჩიქოვანი. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან აგრარულ ბაზრებთან ერთად მანქანების გადაადგილება და ონლაინ ვაჭრობაც აღდგება. 

თუ როგორ მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები - მთავრობის გეგმა ნახეთ აქ. 

კომენტარები