კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: თუ აგრესიული ტესტირება ხშირად არ დაგვჭირდება, ე.ი. დაავადება ზომიერად ვრცელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია 25 აპრილის განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ მან უბრალოდ სურვილი გამოთქვა, აგრესიული ტესტირების ხშირი საჭიროება შემდგომში არ დადგეს:

"რატომ იგებს ადამიანების ნაწილი ამას, როგორც ფაქტს, არ ვიცი, მაგრამ მე გამოვთქვი სურვილი - ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე ამ მიცემულობასთან მიმართებით. ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი, მაგრამ განვმარტავ" - ამბობს ეზუგბაია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა 25 აპრილს თქვა, რომ წინა დღეს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა და 24 საათის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა სწორედ ამის შედეგი იყო. ეზუგბაიამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნება. 

"გუშინდელი დღე იყო დღე, როცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია.

ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარები