პატრიარქის ქადაგება

ილია II: ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს

ფოტო არქივიდან - გიორგი გახარია და ილია მეორე

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს ხელისუფლება და სამღვდელოება დალოცა. მისი თქმით, ისინი "ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს". მან ღმერთს მადლობა გადაუხადა, რადგან "წირვა-ლოცვის საშუალება გვაქვს".

"მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამისი საშუალება"- ამბობს ილია მეორე და აღნიშნავს, რომ რთულ დროს ვცხოვრობთ, "რადგან ეკლესია დიდ გასაჭირშია", თუმცა "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას". 

"დღეს იყო წაკითხული სახარება: უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კარდახშულთა. ე.ი კარი დაკეტილი იყო და იმ დაკეტილ კარში შევიდა მაცხოვარი და უთხრა მათ, მშვიდობა თქვენდა და მიიღეთ სული წმინდა. აი, უფალი ჩვენც მოგვმართავს მიიღეთ სული, მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად", - თქვა ილია მეორემ. 

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო წირვა-ლოცვა არ შეაჩერა. ვირუსის შიდა გავრცელების და მკაცრი შეზღუდვების ფონზე, მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, მათ შორის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და ამას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ 17 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, ზიარების კოვზი არის თუ არა ვირუსის გადამტანი, სწორედ ამგვარად უპასუხა: "ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს" და "საჭიროა კვლევის ჩატარება". 

24 აპრილს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ზიარებისას გამოყენებული ერთი კოვზი ინფიცირების წყარო, უპასუხა, რომ "რა თქმა უნდა, კოვზი არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი". თუმცა, მთავრობა ეკლესიას და მრევლს საგანგებო რეჟიმი დარღვევის საშუალება მაინც აძლევს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ქართული ოცნების უმრავლესობამ მის 22 მაისამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი. დაწესებულია კომენდანტის საათი და 21:00 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა აკრძალულია. ასევე, 27 აპრილის ჩათვლით აკრძალულია მანქანების გადაადგილება.

ჩაკეტილია დიდი ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედევს მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში, ქობულეთის რამდენიმე და ხაშურის ერთ სოფელში. მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია 3 პირზე მეტის ერთად შეკრება.

შეწყვეტილია ეკონომიკური საქმიანობა - მუშაობის გაგრძელების უფლება მხოლოდ საკვებ და სასურსათო ობიექტებს, აფთიაქებს, ბანკებს და ფოსტას აქვს. ამ მდგომარეობამ პრობლემა არაერთ ადამიანს შეუქმნა, ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე არცერთი ეს შეზღუდვა არ გავრცელებულა. კომენდანტის საათის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა ორმეტრიანი სოციალური დისტანცია.

კომენტარები