კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: სულ, 2 თვის განმავლობაში, მართვით სუნთქვაზე 12 ადამიანი იყო

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში მართვით სუნთქვაზე, ჯამში, კორონავირუისით ინფიცირებული 12 პაციენტი იყო. 

"დღეს, თუ არ ვცდები, მართვით სუნთქვაზე არის 6 თუ 7 ადამიანი. სულ, მთელი ამ 2 თვის მანძილზე, მართვით სუნთქვაზე იყო 12 ადამიანი. ესეც არაპირდაპირი, მაგრამ მაინც ნიშანია, რომ წარმატებით ვმკურნალობდით. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პლაქვენილის დამსახურებაა, მაგრამ, მათ შორის, პლაქვენილის დამსახურებაც არის", - ამბობს ცერცვაძე ფორმულას ეთერში. 

თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებულ საწოლების ფონდზეც ისაუბრა. მისი თქმით, 11 კლინიკაში, დაახლოებით, 600-მდე საწოლია. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო უპრობლემოდ შეძლებს 2 000-მდე საწოლის მობილიზებას, ექსტრემალურ სიტუაციაში კი - 10 000-მდე საწოლის.

"კიდევ ერთ ამდენს გავუძლებთ უპრობლემოდ - ისე, რომ არ დავწევთ სამედიცინო მომსახურების ხარისხს [..] თუ 1000-ს გადააჭარბა, შემდეგ უკვე ბინებზე მართვაც შეიძლება უსიმპტომო და იოლი პაციენტების", - ამბობს ცერცვაძე. 

თენგიზ ცერცვაძე ასევე ამბობს, რომ პიკი, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს იქნება. ის ასევე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა პიკის დროს 1 000-ს არ უნდა გადასცდეს. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები