კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე: ამ ვითარებაში ექიმების, შეზღუდვების კრიტიკა პოლიტიკური მოროდიორობაა

"ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა, არის პოლიტიკური მოროდიორობა" - წერს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე. 

კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპაში 1 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. 

"ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში კოვიდით უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია", - წერს კობახიძე. 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში დღეს არსებული მაჩვენებელი ექიმებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული "დროული და ეფექტიანი" ზომების დამსახურებაა.  

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 9 699 PCR ტესტია ჩატარებული, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე 2 431-ია. შედარებისთვის, სომხეთში ეს რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე - 5 852-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, PCR კვლევების გარდა, საქართველოში კლინიკებმა უკვე ჩაატარეს "2-3-4 000 სწრაფი ტესტი".

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, აგრესიული ტესტირების შედეგია. 

"ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - აღნიშნა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას განმარტებას კრიტიკა მოჰყვა. ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ განცხადება სკეპტიკურ მიდგომას ავლენს ტესტირებისადმი, რომელიც აუცილებელია ვირუსის ფარული, უკონტროლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად. გიორგი კანდელაკის თქმით, ექიმმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა, კორონავირუსზე რაც შეიძლება ადამიანი დატესტონ. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის დამალვაზე მიუთითა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 139, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კომენტარები