კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მეტი ადამიანის გატესტვა უკეთესია, მთელი მოსახლეობის ტესტირების ილუზია ნუ გვექნება

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მეტი ადამიანის გამოკვლევა უკეთესია, თუმცა აგრესიული ტესტირების ჩატარების შემთხვევაში, ქვეყნის მთელ მოსახლეობას ან მის ნახევარს მაინც ვერ გამოიკვლევენ.

"რაც მეტი ადამიანი გაიტესტება ქვეყანაში, ეს, რათქმაუნდა, უკეთესია, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ე.წ. აგრესიული ტესტირება ტარდება (ამ მხრივ მოწინავე ქვეყნები არიან გერმანია ევროპაში, სამხრეთ კორეა - აზიაში და კიდევ ზოგიერთი), გამოკვლეული არის მაინც მოსახლეობის მცირე ნაწილი. აი, ნახეთ, იმ ქვეყნებში სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება და ჩატარდა, მოსახლეობის 8-10%-ია გამოკვლეული, 90% მაინც გამოუკვლეველი რჩება. ასე, რომ, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ შეიძლება მოსახლეობაში იყოს გამოურკვეველი შემთხვევები, ეს მაინც დარჩება", - თქვა ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ც ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირების პრაქტიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამას ხუთი წელია, აკეთებენ, თუმცა მოსახლეობის ნახევარზე მეტის გამოკვლევა შეძლეს და არა მთელის.

"კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება ილუზია, რომ მთელ მოსახლეობას, ან თუნდაც ნახევარს გამოვიკლევთ", - თქვა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძეს მარინა ეზუგბაიას განცხადების შესახებაც კითხეს. ეზუგბაიამ 24 საათში გამოვლენილი 25 შემთხვევა აგრესიულ ტესტირებას დაუკავშირა და იმედი გამოთქვა, რომ "შემდგომ დღეებში კვლევები ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება და მაჩვენებელი ასეთი არ იქნება".

"არ ვიცი, მან რა იგულისხმა, ეს მას უნდა კითხონ. დიდი ალბათობით, მან იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას და თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება გრიპის დროს, მაშინ აღარც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება. თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება", - თქვა ცერცვაძემ.

კომენტარები