რუსეთი

ბოლო ერთ თვეში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის გასამყარებლად $5 მლრდ გაყიდა

მაქსიმ ზმეიევი / REUTERS

მეოთხე დღეა, რაც რუსეთის ცენტრალური ბანკი სავალუტო რეზერვების გაყიდვის რეკორდს ამყარებს. 23 აპრილს ბანკმა 300 მილიონი დოლარი, 21 აპრილს - 255 მილიონი დოლარი, 20 აპრილს - 220 მილიონი დოლარი, ხოლო 19 აპრილს - 200 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ამგვარად, 19 აპრილიდან დღემდე ბანკმა რეზერვებიდან თითქმის მილიარდი დოლარი გაიტანა.

რუსეთის ცენტრალური ბანკი უცხოური ვალუტის რეზერვებს შიდა ბაზარზე იმ საბიუჯეტო წესის თანახმად ყიდის, რომელიც ნავთობისა და გაზის სექტორიდან შემცირებული შემოსავლების კომპენსაციას ითვალისწინებს. 

თავის მხრივ, რეზერვები რუსეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდში ინახება. თუ რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობზე ფასი 42 დოლარზე ნაკლებია, დანაკლისის ასანაზღაურებლად ავტომატურად ფონდში აკუმულირებული თანხები იხარჯება. 

ინტერვენციები ბანკმა 10 მარტიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა. ამგვარად, ბოლო ერთ თვეში რუბლის გასამყარებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 5,3 მილიარდი დოლარი გაყიდა. 

დღეს გამოქვეყნდა Deutsche Bank-ის სპეციალური ანგარიში, რომელიც რუსეთის სარეზერვო ფონდის ფინანსურ მდგომარეობას შეეხებოდა. ბანკის ანალიტიკოსების ცნობით, ბოლო ერთ თვეში ფონდის ლიკვიდურობა 150 მილიარდი დოლარიდან 120 მილიარდამდე შემცირდა. 

ეკონომისტების გათვლებით, თუ რუსული ნავთობი 15 დოლარი ეღირება, დანაკლისის კომპენსაციისთვის ფონდის თანხები მომდევნო ორი წელი იქნება საკმარისი. თუ ნავთობზე საშუალო ფასი 30 დოლარი იქნება, ფონდის თანხები 6 წლით იქნება საკმარისი. 

კომენტარები