არ მოუსმინოთ ტრამპის სამედიცინო რჩევებს - აშშ-ის პრეზიდენტი კრიტიკის ქარცეცხლში

BBC

დონალდ ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ სურს გადაამოწმოს, იკურნება თუ არა სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებების ორგანიზმში შეყვანით/დალევით ახალი კორონავირუსი.

გუშინდელ ბრიფინგზე ტრამპმა ინფიცირებული პაციენტების სხეულების ულტრაიისფერი სხივებით დასხივების იდეაც გამოთქვა, რაც ექიმებმა ადგილზევე უარყვეს.

სადეზინფექციო ხსნარები საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, მათი მიღება მომწამვლელი და შესაძლოა, მომაკვდინებელიც იყოს.

ზოგ შემთხვევაში სადეზინფექციო ხსნარების მოხმარება შესაძლოა გარეგანი მოხმარების დროსაც იყოს სახიფათო კანისთვის, თვალებისა და რესპირატორული სისტემისთვის.

თეთრ სახლში ბრიფინგზე ტრამპმა აშშ-ის მთავრობის კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსი უფრო სწრაფად სუსტდება მაღალ ტემპერატურასა და მზის შუქზე. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მათეთრებელ საშუალებას შეუძლია ვირუსის მოკვლა ნერწყვსა და რესპირატორულ სითხეებში დაახლოებით 5 წუთში, იზოპროპილის ალკოჰოლი კი ამას უფრო სწრაფად აკეთებს.

პრეზიდენტმა თქვა, რომ კვლევის ამ ნაწილის შემდგომი შესწავლა აუცილებელია და რომ ეს საინტერესო იქნებოდა.

ტრამპის ამ იდეას ექიმები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს.

პულმონოლოგმა, დოქტორმა ვინ გუფთამ NBC ნიუსს უთხრა: "ნებისმიერი ტიპის გამწმენდი საშუალების ორგანიზმში შეყვანის ნებისმიერი განცხადება უპასუხისმგებლო და საშიშია".

ჩარლსტონელმა ექიმმა, კაშიფ მაჰმუდმა ტვიტერზე დაწერა:

"როგორც ფიზიკოსი, ვერ გავუწევ რეკომენდაციას სადეზინფექციო ხსნარის ინექციას ან ულტრაიისფერი დასხივებას კორონავირუსის დამარცხების მიზნით. არ მიიღოთ ტრამპის სამედიცინო რჩევა".

ჯონ ბალმესი, პულმონოლოგი სან ფრანცისკოს ზაკერბერგის გენერალურ ჰოსპიტალში, მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქლორის შემცველი საშუალებების შესუნთქვაც კი ჯანრთელობის პრობლემების იწვევს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ფრთხილად იყვნენ საწმენდ, სადეზინფექციო და ქლორის შემცველ საშუალებებთან, ვინაიდან 2020 წლის მარტიდან კლინიკებში ინტოქსიკაციის შემთხვევები გაიზარდა.

აშშ-ის კვების და წამლის ადმინისტრაციამ ასევე გააფრთხილა მოქალაქეები, არ მიიღონ/არ დალიონ სადეზინფექციო საშუალებები.

შეერთებულ შტატებში გაიზარდა ყალბი, თაღლითური გაყიდვები ნივთიერებებისა, რომელსაც ფუთავენ, როგორც ჯადოსნურს და ამბობენ, რომ კურნავს ყველაფერს, როგორც აუტიზმს, ისე ჰეპატიტებს და აივ ინფექციას.

კომენტარები