ზოომარტი: ტრანსპორტირებაზე ნებართვა გაცემულია, სავარაუდოდ, შევძლებთ ყველა ფილიალი გავხსნათ

ზოომარტი

მაღაზიათა ქსელი ზოომარტი აცხადებს, რომ თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე ნებართვა გასცა და სავარაუდოდ, 24 აპრილიდან ყველა ფილიალი გაიხსნება.

ინფორმაცია ტაბულას კომპანიის დამფუძნებელმა, თორნიკე ელიზბარაშვილმა დაუდასტურა.

23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ყველა ფილიალს ხურავდა, ვინაიდან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან შესაბამისი ნებართვა ვერ მოიპოვეს, ხოლო კონსულტანტები 7 დღის განმავლობაში კილომეტრებს ფეხით გადიოდნენ და ასეთი გრაფიკის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.

მოგვიანებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ზოომარტმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და რომ ნებართვა ვერ გაიცა, ვინაიდან ისინი თანამშრომლების გადასაყვანად მინივენების დაშვებას ითხოვდნენ. წილოსანის ამ ფეისბუქ პოსტის საპასუხოდ ზოომარტმა განაცხადა, რომ მათ ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონზე ჩამოკიდება მოუწიათ.

საბოლოოდ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ზოომარტს თანამშრომლების ტრანსპორტირების ნებართვა მისცა.

საქართველოში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა, 27 აპრილის ჩათვლით მანქანების გადაადგილება აკრძალულია.

კომენტარები