კორონავირუსი საქართველოში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისი თქმით, კლინიკას პაციენტი დღეს დატოვებს.

„ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი პასუხი უარყოფითი და დღეს განმეორებით ჩავუტარებთ. თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას ალბათ ხვალ. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს ყველას“, - თქვა გოფოძემ.

რესპუბლიკურის დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება, თუმცა ორ პაციენტს სერიოზული პნევმონია აქვს. 

„ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა გუშინ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს კოვიდდადასტურებული, თუმცა ორ პაციენტს სერიოზული პნევმონია აქვს. მათ შორის ერთი ჟანგბადდამოკიდებულია თანმხლები დაავადებებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ წუთისათვის შეიძლება შეფასდეს მძიმედ, მაგრამ კრიტიკულად არა“, - აღნიშნა გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 5 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები