კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 67 წლის კაცი რეანიმაციაშია, კრიტიკულია, ორჯერადი კვლევით, COVID-19 არ გააჩნია

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, 67 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში, დაახლოებით, 20 დღის წინ შეიყვანეს, რეანიმაციაშია და მას ორჯერადი კვლევით კორონავირუსით ინფიცირება აღარ უდასტურდება.

"მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მისი სიმძიმე, ამ ეტაპზე, კოვიდინფიცირების გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით არის გამოწვეული. ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ ამ პაციენტთან არ არის ორჯერადი კვლევით კოვიდინფექცია. ამ ეტაპზე, პაციენტს, კრიტიკულ მდგომარეობაშ მყოფს, კოვიდინფექცია არ გააჩნია. მისი დამძიმების მიზეზი ქრონიკული გულის უკმარისობაა. ასევე, ამ ეტაპზე, კლინიკურად სახეზეა მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა", - თქვა რატიანმა. 

ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში 8 პაციენტია, აქედან 7 - მართვით სუნთქვაზე. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი მასალა პირველად კვლევაზე დღეს გაიგზავნება. 

რატიანმა ასევე თქვა, რომ დღეს კლინიკიდან 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 5 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები