CO-თი მოწამვლა

თბილისი ენერჯი: გლდანში 62 წლის კაცი, სავარაუდოდ, CO-თი გარდაიცვალა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, დღეს, 22 აპრილს, დილით, გლდანში 62 წლის კაცი, სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა. მათივე ცნობით, ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

თბილისი ენერჯის თქმით, ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი. სიკვდილის მიზეზიც, სავარაუდოდ, ეს გახდა.

"ბინაში, სადაც მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა გეგმური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან, ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა, მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა, მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა"- აცხადებენ კომპანიაში. 

თბილისი ენერჯი მოსახლეობას აფრთხილებს, დაიცვან გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები და გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები.

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია დახურულ სივრცეში ღიაკამერიანი გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების (ე.წ. კალონკების) მოხმარება. გაუფრთხილდით საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების ჯანმრთელობას"- აცხადებენ კომპანიაში. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები