კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს, საგანგებოს გახანგრძლივების შემდეგ წარადგენს

შსს

საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ნაბიჯების წარდგენას 24 აპრილს აპირებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: პანდემიის ეგრეთ წოდებული კომპენსაციის გეგმა, ანუ მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და შეზღუდვების თანმიმდევრული ეტაპობრივი შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის გეგმა.

რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმას, ნათია მეზვრიშვილის თქმით, მთავრობა მუშაობას აგრძელებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიაწოდებს.

საქართველოს პარლამენტი ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. მთავრობა შეზღუდვების ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს.

ცნობილია, რომ ოპოზიცია არ აპირებს, მხარი დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ ჯერ კონკრეტული ეკონომიკური გეგმა უნდა წარმოადინოს, რადგან საგანგებოს თანმხლები შეზღუდვები მძიმე პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. 

ოპოზიციის კრიტიკას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ გეგმის აუცილებლობაში ყველა თანხმდება, თუმცა მისივე თქმით, "ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი".

ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტის სხდომას პრემიერი არ ესწრება.

მთავრობას გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მაინც მიმართა პრეზიდენტს. საგანგებოს 22 მაისამდე გახანგრძლივებას პარლამენტში კენჭი დღეს უნდა უყაროს. 27 აპრილამდე კვლავ ძალაში რჩება მანქანით გადაადგილების შეზღუდვა. მოქმედებს კომენდანტის საათიც. 

კომენტარები