კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-5 ადამიანი გარდაიცვალა

Robert Michael/dpa via AP

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-5 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე განახლდა. 

გარდაცვლილი 68 წლის კაცია ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. 

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იყო რეანიმაციაში. 

"ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც გადავიყვანეთ აპარატზე. პაციენტს მიოკარდიუმისა და გულის უკმარისობის გამო აღენიშნებოდა გართულებები. სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი განვითარდა სეპტიური შოკით და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია,"- თქვა ლალი ტურძელაძემ. 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 98 - გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. 79 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. 

მეორე პაციენტი, 81 წლის ქალი, 5 აპრილს გარდაიცვალა. ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს გადაიყვანეს. 

მესამე პაციენტი, 86 წლის ქალი, 7 აპრილს გარდაიცვალა. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციაში მკურნალობდა. 

18 აპრილს ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან მე-4 პაციენტი გარდაიცვალა. 70 წელს გადაცილებული ქალი ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა. ის კლინიკა მედალფაში 8 აპრილს შეიყვანეს, 13 აპრილიდან კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

კომენტარები