კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჩვენი ერთერთი პირველი პაციენტი დღემდე Covid-დადებითია, ესაა ამ ვირუსის სივერაგე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ერთერთი პირველი პაციენტი დღემდე Covid-დადებითია. ამის შესახებ იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ეს დაავადება ჯერ არის ძალიან გამოუცნობი და ამიტომ, "ძალიან გვეშინია წინასწარი პროგნოზების".

"ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე. ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა. ადამიანი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია, მას მძიმე ფორმაც არ ჰქონდა სხვათაშორის, საშუალო სიმძიმის იყო მისი დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი“ - თქვა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი ოთხი შემთხვევა 26 თებერვალი-3 მარტის პერიოდში დადასტურდა, ხოლო შემდგომი ხუთი - 4 მარტს. შესაბამისად, გამოდის, რომ პაციენტი, რომელზეც პაატა იმნაძე საუბრობს, მინიმუმ 50 დღეა, რაც ახალი კორონავირუსის ინფექციის მატარებელია.

კომენტარები