უკრაინაში აღდდგომას კარანტინის დამრღვევი სასულიერო პირების პასუხისმგებლობა დადგება

ანტონ გერაშენკო
LIGA.net

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო, ამბობს, რომ ყველა იმ სასულიერო პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლებმაც, 19 აპრილს, სააღდგომო დღესასწაულზე ეკლესიებში საკარანტინო შეზღუდვები დაარღვიეს. 

"თუკი ამ დღეს ეკლესიებში მყოფი მრევლისგან რომელიმე დაინფიცირდება ან, ღმერთმა დაგვიფაროს და, გარდაიცვლება, შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თავისუფლების აღკვეთის საკითხი. თუკი არავინ დაინფიცირდება და ამას აჩვენებს მომავალი უახლოესი ერთი კვირის სტატისტიკა, იქნება ჯარიმა ან პირობითი სასჯელი, მაგრამ არავინ ამას ასე უბრალოდ არ დატოვებს",- თქვა გერაშენკომ Украина 24-ის ეთერში. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სააღდგომო ღვთისმსახურებას ეკლესიებში 130 000-მდე ადამიანი დაესწრო, 2019 წელს კი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა 7 500 000 ადამიანზე მეტმა მიიღო. 

შსს-ის ცნობით, უკრაინის ეკლესიების ნაწილში ღვთისმსახურების რიტუალი კარანტინის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევებით ჩატარდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთერთია იმ 12 მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელმაც ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებაზე დასწრება აკრძალა. 

თავდაპირველად უკრაინის ეკლესიამ ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვალა. 

ამ დროისთვის უკრაინაში ახალი კორონავირუსის 6 125 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 161 ადამიანი გარდაიცვალა, 367 კი - გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები