ახალი ზელანდია 27 აპრილიდან ზომების შერბილებას დაიწყებს

ჯასინდა არდერნი
Reuters

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის ჯასინდა არდერნის განცხადებით, 27 აპრილიდან ქვეყანა კორონავირუსთან დაკავშირებული მკაცრი ზომების შერბილებას დაიწყებს.

ახალ ზელანდიაში ყველაზე მკაცრი, მეოთხე დონის შეზღუდვების დაწესებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. მიღებული ზომების ფარგლებში დაიხურა სკოლები, ოფისები, რესტორნები, არააუცილებელი მაღაზიები და სათამაშო მოედნები.

27 აპრილიდან კი ქვეყანა ორი კვირით გადავა მესამე დონის შეზღუდვებზე. პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება შეზღუდვები, მით უფრო ნაკლებად იარსებებს მათი ხელახლა შემოღების რისკი.

27 აპრილიდან დაშვებული იქნება ეკონომიკური აქტივობები - მშენებლობა, წარმოება და მეტყევეობა, თუმცა სოციალურ აქტივობებზე შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება. პრემიერმინისტრის თანახმად, შემდგომ შერბილებაზე მთავრობა 11 მაისს მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამჟამად ახალ ზელანდიაში ახალი კორონავირუსის 1440 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 12 პაციენტია გარდაცვლილი, ხოლო 974 გამოჯანმრთელებული. 19 აპრილს ქვეყანაში ვირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გავრცელების პიკი კი ახალმა ზელანდიამ აპრილის პირველ კვირაში გადაიარა.

კომენტარები