Bloomberg: ახალი კორონავირუსის ვაქცინის წარმოება, შესაძლოა, სექტემბრამდე დაიწყოს

Bloomberg ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის ვაქცინის წარმოება შესაძლოა სექტემბრამდე დაიწყოს.

გუნდი, რომელსაც ვაქცინოლოგიის პროფესორი სარა გილბერტი ხელმძღვანელობს 500 მოხალისეს ჩაუტარებს ტესტებს, რომელთა ასაკი 18-დან 55 წლამდე ექნება. ისინი შემთხვევითი შერჩევით აიყვანეს. მომდევნო ეტაპზე იგეგმება უფრო ასაკოვან ადამიანთა ტესტირება, ბოლო ეტაპზე კი ტესტი 5,000 ადამიანს ჩაუტარდება. გილბერტი ამბობს, რომ შემოდგომამდე ტესტის დასრულება რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია.

"იმედი გვაქვს, რომ სექტემბრამდე რაღაც დოზები გვექნება მზად. ეს ყველასთვის არ იქნება საკმარისი, მაგრამ რაც უფრო მეტის წარმოებას დავიწყებთ ახლა, მით უფრო მეტი გვექნება მომავალში." თქვა მან.

გილბერტს კორონავირუსის ვაქცინის კვლევისათვის 2.2 მილიონი ფუნტის ოდენობით დაფინანსება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა მარტში გამოუყო. მისი გუნდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ვაქცინის გამოცდა დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ამჟამად ვაქცინაზე 70 ცალკეული პროექტი მუშაობს, მათგან სამი ტესტებს ადამიანებზე ატარებს.

ChAdOx1 nCoV-19 ე.წ. რეკომბინანტური ვირუსული ვაქცინაა, რომელიც შეცვლილი, უვნებელი ვირუსისაგან მზადდება, რათა წარმოქმნას SARS-CoV-2 ვირუსის პროტეინი. ვაქცინა იმუნურ სისტემას კორონავირუსის თავდასხმის ცნობას და მასზე პასუხის გაცემას ასწავლის. გილბერტის გუნდი იგივე მეთოდს იყენებს, რაც MERS-ის ვირუსის შემთხვევაში გამოიყენეს. მაშინ ვაქცინა ცხოველებში უსაფრთხო გამოდგა და ადამიანებზე ტესტიების პირველი ეტაპი ჩატარდა.

გილბერტი ამბობს, რომ ახლა მთავარი გამოწვევა ვირუსის გავრცელებაა, რადგან, მისი არაპროგნოზირებადი ცდის და კლების პირობებში რთული დასადგენი იქნება რამდენად ეფექტურია ვაქცინა. "ცდა სწორ ადგილას, სწორ დროს უნდა ჩატარდეს, რისი წინასწარმეტყველება ძალიან რთულია. ამიტომ, რამდენიმე ცდას რამდენიმე ქვეყანაში ჩავატარებთ." თქვა მან.

კომენტარები