ჩინეთი: კორონავირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია არასდროს დაგვიმალავს

REUTERS

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჭაო ლიძიენის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია არასდროს დაუმალავთ. 

"ეპიდემიის საწყის ეტაპზე სამკურნალოდ არასაკმარისი შესაძლებლობების გამო, ზოგმა საავადმყოფომ დროულად ვერ შეძლო დაავადების პრევენციის და კონტროლის სისტემის დანერგვა. საავადმყოფოები გადაჭედილი იყო და სამედიცინო პერსონალი პაციენტების მკურნალობით იყო დაკავებული. იყო ზოგი გადადებული, გამოტოვებული და მცდარი ცნობები, თუმცა არასდროს ყოფილა ინფორმაციის დამალვა და ამას ჩვენ არც ვუშვებთ," - განაცხადა სპიკერმა.

17 აპრილს ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი შეასწორეს. ახალი მონაცემების შეტანის შემდეგ ქალაქ ვუხანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, გარდაცვალების კიდევ 1,290 ახალი შემთხვევა დაემატა. ამჟამინდელი ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში ახალი ვირსუსთ გარდაცვლილთა რიცხვია 4 636. გარდა ამისა, მონაცემების გადახედვის შემდეგ, ჩინეთმა ვირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა აღრიცხა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთმა მონაცემები შეასწორა - ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზეც დიაგნოსტიკის მეთოდის ცვლილების შემდეგ ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 15,000-ით გაიზარდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით, ზრდა იმან გამოიწვია, რომ აღრიცხეს ის შემთხვევებიც, როდესაც დაავადებული კორონავირუსით სახლში, ექიმის ნახვის და ოფიციალური დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა. ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჯერად აღირიცხა ის მონაცემებიც, რაც მათ კლინიკებმა გადატვირთულობის გამო დროულად ვერ მიაწოდეს.

ჩინეთის მიერ ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა აღრიცხვის სისწორე ეჭვქვეშ უკვე დააყენეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ ჩინეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვს მალავდა. მსგავსი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმაც.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

მსოფლიოში ახალი ვირუსით დაინფიცირება 2 200 377 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 147 787 პაციენტი, 558 168 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები