კორონავირუსი საქართველოში

TIM-ის 5 ექთანს, 2 ექიმსა და 2 პაციენტს covid19 დაუდასტურდა, კლინიკა სრულად იხურება

fb.com\TIM

"თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" კარანტინშია მოქცეული და დღეს სრულად იხურება, რადგან კლინიკაში მომუშავე 5 ექთანს, 2 ექიმსა და 2 პაციენტს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდათ. 

კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის, ინფორმაციით, კლინიკაში ვირუსი ერთ-ერთი მედიკოსისგან გავრცელდა, რომელსაც თავად ინფექცია ძმისაგან გადაედო, რომელიც სასულიერო პირია. 

მისი თქმით, პაციენტების ნაწილი კარანტინში გადამისამართდა, ნაწილი კი სხვადასხვა კლინიკაში განაწილდა.

"ჩვენს კლინიკაში ამ ვირუსის გავრცელება მოხდა ერთ-ერთი მედიკოსისგან, რომელიც არის ჩვენი ექთანი და რომლის ინფიცირებაც მოხდა ძმისაგან, რომელიც არის სასულიერო პირი.

ერთი კვირის განმავლობაში დადიოდა სამსახურში, არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი, როგორც ჩანს ატარებდა ამ ვირუსს და ახდენდა მედპერსონალის და პაციენტების ინფიცირებას.

პირველი შემთხვევიდანვე გამოვაცხადეთ კარანტინი, დღეს გადავიყვანთ ყველა პაციენტს და კლინიკა სრულად დაიხურება, - თქვა გიორგი კაჭახიძემ.

საუბარია სასულიერო პირზე, რომელსაც ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. მამა გიორგი პაპავას თქმით, რომელიც ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს, სიმპტომები დაეწყო ხარებას, საღამოს სიცხემ დაახლოებით 38 გრადუსამდე აუწია, მეორე დღეს უფრო მეტი - 39 გრადუსი ჰქონდა, თუმცა, ტაძარში ღვთისმსახურებისთვის მაინც წავიდა.

სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან. კლინიკის ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე, თუმცა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსით 370 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები