კორონავირუსი საქართველოში

შსს: გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 74 ადამიანი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის სულ 167 ადამიანი დაჯარიმდა.

შსს-ს ცნობით, გასულ ღამეს, 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 74 ადამიანი დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და დისტანციის დაუცველობისთვის 89 მოქალაქე დაჯარიმდა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კი 4. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია შსს-ს განცხადებაში.  

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება.

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ. გუშინ, 16 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ასევე, 17 აპრილიდან აიკრძალა სასაფლაოებზე მისვლა და საჯარო სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა. 

კომენტარები