Coda წერილი

Coda წერილი: 5G შეთქმულების თეორიები საქართველოში და გახსნილი ქალაქის ჩინური გაზაფხული

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე. 

ავტორი: სოფიკო ვასაძე 

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

COVID19-ით მსოფლიოში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 129 ათასზე მეტი. საქართველოში 348 ინფიცირებულია.

საქართველოს მთავარ გამოწვევა აღდგომის ღამე ხდება. მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო: ეკლესიები არ დაიკეტება. ამაზე საზოგადოების აზრი გაყოფილია და სავარაუდოდ,  მოსალოდნელ აფეთქებასთან ერთად, ერთმანეთზე გადაბრალებას შეიძლება, ველოდოთ. 

დამნაშავეებს სხვაგანაც ეძებენ. პრეზიდენტი ტრამპი ჯერ ბარაკ ობამას, მერე ჩინეთს ადანაშაულებდა, ახლა კიდევ ამბობს, რომ პანდემიაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა.

ტრამპა განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აღარ დააფინანსებს. აი, რას ნიშნავს ეს:

  • აშშ წელიწადში 400 მილიონ დოლარს გამოყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის —  ეს ორგანიზაციის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, დაახლოებით 20 პროცენტი (შედარებისთვის, ჩინეთის კონტრიბუცია 40 მილიონია).
  • გადაწყვეტილება ძალიან საზიანოა დაბალი ეკონომიკური დონის ქვეყნებისთვის. სავარაუდოდ, ყველაზე ძალიან იზარალებს აფრიკის კონტინენტი, სადაც ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა სუსტია და საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. 
  • სავარაუდოდ იზარალებს ამერიკაც: ჯანმო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სხვადასხვა ეპიდემიების კონტროლში.
  • ტრამპი, რომელიც თავდაპირველად ჩინეთს სდებდა ბრალს, ახლა ამბობს, რომ პანდემიაში მთავარი დამნაშავეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და რომ ის “უამრავ სიკვდილზეა პასუხისმგებელი.”
  • ჯანმო-ს კრიტიკა ნაწილობრივ გამართლებულია — თავიდან ორგანიზაციამ მართლაც ძალიან ნელა იმოქმედა.

თუმცა ტრამპის გადაწყვეტილებას აშკარა პოლიტიკური ხასიათი აქვს: 

  • სტატისტიკა მწვავეა. პანდემიას 25,000 ამერიკელი უკვე ემსხვერპლა: უფრო მეტი, ვიდრე 9/11-ს და ავღანეთის და ერაყის ომებს. ამასთან, ნახევარ მილიონზე მეტია დადასტურებული შემთხვევა.
  • ამერიკაში პრობლემებია. ბევრ შტატში ჯერ კიდევ ელოდებიან პიკს. კვლავ დეფიციტია ტესტების და სამედიცინო აღჭურვილობის.
  • ბოლო თვეების განმავლობაში შექმნილ სიტუაციაში, პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ დაადანაშაულა მედია, გუბერნატორები, დემოკრატები, და ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. მარტში მან განაცხადა: “მე არ ვიღებ არანაირ პასუხისმგებლობას ტესტებთან დაკავშირებით”.
  • ტრამპი არა მარტო ამერიკელების და ეკონომიკის გადარჩენაზე, არამედ საკუთარ პოლიტიკურ გადარჩენაზეც ფიქრობს. 15 მილიონმა ამერიკელმა უკვე დაკარგა სამუშაო ადგილი. არჩევნებამდე კი, 7 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. 

თუმცა, არიან ისინიც, ვინც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ტრამპის გადაწყვეტილებას. მათ შორის საქართველოში. 

"ტრამპმა ბილ გეითსის და მავანთა კულტის, “მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციას” ტრანზაქციები გაუყინა!!!" -  ამ პოსტს 100-ზე მეტი გაზიარება და ათასობით მოწონება აქვს ფეისბუკზე.

პოსტი ანტი-5G-ის მიმდევრების ჯგუფში ვიპოვე. როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სჯერა, რომ პანდემიის უკან 5G მობილური ტექნოლოგია დგას. 

"როცა ხალხში გაურკვევლობა და მღელვარება ჩნდება, მათ უფრო მეტად შეუძლიათ კონსპირაციული თეორიების დაჯერება,” - გვითხრა ნორთუბერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა დანიელ ჯოლიმ.

ჯოლის თქმით, მკვლევარებმა მსგავსი სურათი დაინახეს ვირუსი ზიკას ვირუსის გავრცელებისას 2015-2016 წლებში. 

5G ტექნოლოგია, მართლაც, რევოლუციური ნახტომი იქნება მსოფლიოსთვის, ის ინტერნეტის სიჩქარეს ათჯერ გაზრდის. ჯერჯერობით იმ ადამიანთა რაოდენობა იზრდება, ვინც კორონავირუსს 5G-ს აბრალებს.  

მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს, 5G მოძრაობის ნაწილი არიან გავლენიანი ვარსკვლავებიც: 

ვიზ ხალიფა: მუსიკოსი, რომელსაც 32 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს ტვიტერზე  რამდენიმე დღის წინ მან დაწერა: “კორონა? 5G? ან ორივე?” - მის ტვიტს 41 ათასზე მეტი მოწონება ჰქონდა და მაშინვე გახდა შეთქმულების თეორიების გამავრცელებლების გმირი. 

კერი ჰილსონი: მომღერალი, რომელიც ასევე ტვიტერზე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს: “ხალხი წლებია, ცდილობს, გაგვაფრთხილოს 5G-ზე. 5G 2019 წელს ჩაუშვეს ჩინეთში და ხალხი დაიხოცა. გამორთეთ 5G”. მოგვიანებით მომღერალმა პოსტი წაშალა და თქვა, რომ ეს მისმა მენეჯერებმა მოსთხოვეს, რადგან ცხარე დისკუსია გამოიწვია მის თანყვანისმცემლებს შორის. 

რეპერი M.I.A: “თუ არჩევანი მომიწევს ჩიპსა და ვაქცინას შორის, მე ავირჩევ სიკვდილს,” - დაწერა თავის ინსტაგრამზე, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ე.წ. “ჩიპი”, შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ხოლმე. ძირითადი თეორიები ასეთია: ვირუსი გავრცელდა იმისთვის, რომ მასობრივად გაუკეთდეს საზოგადოებას ვაქცინაცია და ორგანიზმში ჰქონდეთ “ჩიპი,” რითაც შემდეგ ადამიანების თვალთვალი იქნება შესაძლებელი. 

ვუდი ჰარელსონი: ოსკარზე ნომინირებულმა მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც ეწერა: “ამავდროულად, ჩინელები 5G ანტენებს ხსნიან.” სინამდვილეში ვიდეო 2019 წლის ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებზე იყო გადაღებული. 

ამირ ხანი: ცნობილმა მოკრივემ ინსტაგრამზე ვიდეოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ასევე ჩიპებზე საუბრობდა და წერდა, რომ “ეს შეიძლება, მოსახლეობის კონტროლისთვის იყოს.”

ჯონ კიუსაკი: ჰოლივუდის ვარსკვლავმა მოგვიანებით წაშალა პოსტი ტვიტერიდან, თუმცა მანამდე ეწერა, რომ “5G ძალიან ცუდია ადამიანების ჯანმრთელობისთვის.”

უფრო ვრცლად 5G მოწინააღმდეგე ვარსკვლავებზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ იზობელ კოკკერელის სტატიაში.

ჩვენი დათვლით, ამ ცნობილ ადამიანთა აუდიტორიის რაოდენობა 50 მილიონზე მეტია. ოქსფორდის უნივერსიტეტის როიტერსის ინსტიტუტის კვლევის შედეგებიც აჩვენებენ, რომ პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და სხვა გავლენიანი პირები არიან პასუხისმგებელნი კორონავირუსზე გავრცელებული ყველანაირი დეზინფორმაციის მეხუთედზე. 

ჩინური გაზაფხული — ჩინურ სახელმწიფო მედიაში: 

გასულ კვირას ჩინეთის სახელმწიფო მედია სავსე იყო კარანტინიდან გამოსული ვუჰანის მზის შუქზე გადაღებული ამაღელვებელი სურათებით.

“მზის სხივები თანდათან ანათებენ ჩვენს გულებს,” - თქვა ერთმა ქალმა CGTN-თან ინტერვიუში, და მისი ციტატის ფონზე, კადრში ვხედავდით სიმშვიდით მოცულ ოჯახებს, გამწვანებულ ხეებს და ლაღად მოთამაშე ბავშვებს.  

მართალია, სახელმწიფო მედიებმა გადაწყვიტეს, ეს ეჩვენებინათ, რომ მშვიდად მიმდინარეობს ჩაკეტვიდან ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება, მაგრამ სინამდვილეში ვუჰანის ქუჩებში სხვა რელობაა. 

ჩაკეტვის მოხსნის შემდეგ, დაუყონებლივ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მცირე მეწარმეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვდნენ. აქციებიდან ვიდეობი სოციალურ მედიაში გავრცელდა, სადაც გამომსვლელები სკანდირებდნენ 

“ჩვენ არ გვინდა სიკვდილი! ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, შეგვიმციროს გადასახადები”

რადიო თავისუფალმა აზიამ ასევე გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არბევდნენ მომიტინგეებს სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, ვუჰანის სავაჭრო ცენტრში.

Financial Times-ის კორესპონდენტმა გადმოსცა ასევე, როგორ დაარბია პოლიციამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო უბანში. 

ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ჩინეთის მმართველები დიდი პრობლემის წინაშე დგანან, როგორც ქალაქის ჩაკეტვის მოხსნაში, ისე ამ გარდამავალი პერიოდის გაშუქებაში სახელმწიფო მედიებში.

ჯანმრთელობას გისურვებთ და შევხვდებით აღდგომის შემდეგ.

კომენტარები