საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა გამოვლინდა. 16 აპრილს ქვეყანაში Covid 19-ის ჯამურად 42 შემთხვევა დადასტურდა, რაც ერთ დღეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 348 შემთხვევაა გამოვლენილი. 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტს უკვე მიმართა, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდეს. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 3000 ლარით ჯარიმდება სამ ადამიანზე მეტის შეკრება, ორმეტრიანი დისტანციის დაუცველობა, 21:00-დან ქუჩაში გასვლა.
ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ. 17 აპრილის 12:00-დან 21 აპრილამდე იკრძალება მსუბუქი მანქანით გადაადგილებაც,
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკლესიებში მიმდინარეობს წირვა-ლოცვები და მრევლს ერთი კოვზიდან აზიარებენ. ხელისუფლება საპატრიარქოს დათანხმდა, რომ აღდგომის ღამის ლიტურგიას მოქალაქეებიც დაესწრონ. კომენდანტის საათის გამო, აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.
ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელების პიკს მაისის პირველ ნახევარში, რელიგიური დღესასწაულების შემდეგ ელოდებიან.





