სუს-ის ანგარიში 2019

სუს-ი: 20 ივნისის მოვლენებმა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო დიდწილად დააზიანა

სახელმწიფო უსაფრთხოების 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 ივნისის მოვლენები და მისი შედეგები ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო, რომელმაც ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო დიდწილად დააზიანა.

ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტს წარუდგინა, ვკითხულობთ:

"აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის "მიღებულ ნორმად" დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის".

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით - წყლის ჭავლით, რეზინის და ე.წ დათვის - წითელი რაკეტისებრი ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ ტყვიით თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

კომენტარები