კორონავირუსი საქართველოში

ქაშიბაძე: რამდენიმე პაციენტი ცხელი წყლის დალევით ებრძოდა Covid-19-ს, არ მიმართოთ ამ ხერხს

გუგა ქაშიბაძე.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, რამდენიმე პაციენტმა კორონავირუსთან ბრძოლა ადუღებული წყლის დალევით გადაწყვიტა და ამის გამო დამწვრობა მიიღო.

"რამდენიმე პაციენტის შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც ცდილობდნენ ძალიან ცხელი, ადუღებული წყლის სულმოუთქმელად დალევას. ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ხალხი, ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის", - თქვა მან.

ქაშაბიძემ "მაესტროსთან" საუბარში ასევე თქვა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტებმა ხელები სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს და სიგარეტზე ცეცხლის მოკიდებისას დამწვრობები მიიღეს.

"ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდებისას ცეცხლი გაუჩნდათ და მიიღეს დამწვრობა. ამასაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ", - თქვა მან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

კომენტარები