ოკუპირებული ახალგორი

ციხელაშვილი: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებმა ახალგორში 13 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა

ოკუპირებული ახალგორი თითქმის 8 თვეა, ჩაკეტილია. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ასეთი პირობების გამო რეჟიმმა უკვე 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ხაზის საშუალებით ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მათ არ ეძლევათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა.

ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და საუბედუროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ეს შეზღუდვები ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ყველაზე მეტად აზარალებს.

ეს, ფაქტობრივად, იმ ეთნიკური დისკრიმინაციის გაგრძელებაა, რომელსაც 4 სექტემბრიდან სხვადასხვა ფორმა აქვს. დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რეჟიმის ამგვარმა მიდგომებმა, რომლებიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება, სრულიად უკანონოა, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების უფლებების უხეში შელახვა", - თქვა მან.

მინისტრისვე თქმით, ის და სხვა უწყებები ყველა ფორმატს იყენებენ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ, ასევე იმისთვის, რომ მოუწოდონ დე ფაქტო გადაწყვეტილების ყველა მიმღებს, ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომლებსაც ახლა კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება.

"მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ადამიანებს, ვისთვისაც დრო უდრის სიცოცხლეს, მისცენ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება. ძალიან ბევრი სიცოცხლე იქნა შენარჩუნებული და ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა გადარჩენილი", - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ახალგორი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა. მიზეზად სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის მიერ საგუშაგო-საპოლიციო პუნქტის აგება დასახელდა. როგორც მაშინ რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე დაძაბულობის ესკალაციის და სასაზღვრო ზონაში ოპერატიული სიტუაციის გართულების გამო".

5 თვის შემდეგ, 24 იანვარს, ოკუპირებული ახალგორი მხოლოდ პენსიონერებისთვის 10 დღით გაიხსნა, შემდეგ კი ისევ ჩაიკეტა. ონკოპაციენტებს, სხვა საჭიროების მქონე ადამიანებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ აქვთ, გაყოფილია ოჯახები.

კომენტარები