კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა

ტვ პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა. 

მისივე თქმით, ბავშვი კლინიკაში დედასთან ერთად გადმოიყვანეს, თუმცა დედა ინფიცირებული არ იყო:

"დღეს დილისთვის აკადემიკოს ვ.ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. 44 პაციენტიდან დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს. 17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია. ის დედასთან ერთად იყო გადმოყვანილი ჩვენს კლინიკაში, დედა არ იყო ინფიცირებული, მხოლოდ ბავშვს ჰქონდა ეს დიაგნოზი. კოვიდ 19-ით ინფიცირებული არასრულწლოვნები ჩვენს კლინიკაში სულ 6 დარჩნენ.

დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო, 8 პაციენტი ამ ეტაპისთვის კვლევაში ჩართვას ელოდება," - თქვა სოლოღაშვილმა. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა. მათ გარდა საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 ადამიანია, რომლებსაც ვირუსი უცხოეთში დაუდასტურდათ და საქართველოში სამკურნალოდ ამის შემდეგ გადმოიყვანეს. 

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი. დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია ასევე 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 

ინფექციონისტები ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პიკს აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ელიან. 

კომენტარები