NATO-საქართველო

შავ ზღვაში შსს-ს სანაპირო დაცვის და NATO-ს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და NATO-ს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. 

შსს-ს ცნობით, სწავლება NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

უწყებისვე ინფორმაციით, ერთობლივ საზღვაო მანევრებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხოლამდი" ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი) და TCG SALIHREIS (თურქეთი) მონაწილეობდა. 

"წვრთნების მიზანი NATO-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა,"- ნათქვამია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, საქართველოში შენაერთის ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით შედგა. ამასთან, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო და კულტურული ღონისძიებები არ ჩატარებულა. 

"შეხვედრები გაიმართა დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების ურთიერთქმედებას," - წერს შსს. 

კომენტარები