რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 63 პაციენტია, 3 - დადასტურებული კორონავირუსით

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის, თქმით, გუშინ 23 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება COVID 19-ზე, აქედან ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა ერთს, დანარჩენი 22 პირის პასუხი კი, უარყოფითი იყო.

შესაბამისად, როგორც გოფოძე განმარტავს, კლინიკაში ამ დროისთვის 3 პაციენტს აქვს დადასტურებული კორონავირუსი, ხოლო დაკვირვების ქვეშ ჯამში 63 პირია.

ლევან გოფოძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ერთერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან ორმხრივი პნევნომიის გარდა, მას თანხლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტიც აქვს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, პნევმონია სამივე მათგანს აღენიშნება, მაგრამ არც ერთ მათგანს, ამ ეტაპზე, აპარატურული სუნთქვა არ ესაჭიროება.

"ისინი იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, უტარდებათ მკურნალობა პროტოკოლის შესაბამისად და ვნახოთ, თუ საჭირო გახდა მართვითი სუნთქვის გამოყენება, გამოვიყენებთ, რადგან, სამწუხაროდ, კოვიდინფექციის დროს პნევმონია არაპროგნოზირებადად ვითარდება. ამ სამივე პაციენტთან, ეპიდანამნეზი ცნობილია და არც ერთი არ არის მეოთხეული გადაცემის ტიპი", - ამბობს გოფოძე.

10 აპრილის შუადღის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში "ფაქტობრივი კარანტინი" მოქმედებს, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი - კომენდანტის საათი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული. 

კომენტარები