რუსეთი

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა რუსეთს მარშალ კონევის ძეგლის გადაცემაზე

მას შემდეგ, რაც 3 აპრილის ჩეხეთის დედაქალაქში საბჭოთა მარშალის, ივან კონევის, ძეგლის დემონტაჟი მოხდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ქანდაკების გადაცემა მოითხოვა. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თხოვნას მალე ოფიციალურად უპასუხებენ. 

მანამდე, უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იან პეიშეკმა ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ შოიგუმ ქანდაკების გადაცემა არასწორ უწყებას თხოვა.

"საუბარი არ არის ომის დროინდელ განამარხზე, არამედ ქანდაკებაზე, რომელიც პრაღის ერთ-ერთ რაიონს ეკუთვნის. ჩვენ ძეგლთან არანაირი შეხება არ გვაქვს, აქედან გამომდინარე ვერც მის გადაცემას შევძლებთ", - განაცხადა პეიშეკმა. 

ქანდაკების გადაცემის თხოვნით სერგეი შოიგუმ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. ამასთანავე, შოიგუმ გამოთქვა მზაობა, რომ ქანდაკების ტრანსპორტირების ხარჯებს მთლიანად რუსეთი დაფარავდა. 

პარალელურად, შოიგუმ თხოვნით მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, დაიწყონ გამოძიება იმ ჩეხი ჩინოვნიკების მიმართ, ვინც კონევის ძეგლის დემონტაჟს ითხოვდა. მარშალ კონევის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ, რუსული ბოლშევიკური ჯგუფი ჩეხეთის საელჩოს მოსკოვში თავს დაესხა. 

თავის მხრივ, პრაღის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კონევის ძეგლის დემონტაჟი სექტემბერში დაიგეგმა და ქანდაკებას მეოცე საუკუნის მუზეუმში გადაიტანენ. ჩეხეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ ადგილას, სადაც კოვევის ძეგლი იდგა, პრაღის აჯანყების მებრძოლების საპატივცემულოდ ახალ ძეგლს აღმართავენ. მათ ქალაქი ნაცისტებისგან მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გაათავისუფლეს მანამ, სანამ კონევი საბჭოთა ჯარით მოვიდოდა.

მარშალი ივან კონევი წითელ არმიას უძღვებოდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1945 წლის 9 მაისს შევიდა. კონევი 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა,  ხოლო1961 წელს ბერლინის კედლის მშენებლობის დროს ის აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარს ხელმძღვანელობდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ კონევი 1968 წელს პრაღის გაზაფხულის დროს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ძალების შემოჭრის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა. 

ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ცენტრიდან წითელი არმიის ჯარისკაცის ძეგლი აიღეს. გადაწყვეტილებას ტალინში პროტესტი მოყვა. ამავე წელს რუსეთმა ესტონეთზე კიბერთავდასხმა განახორციელა.

კომენტარები