სააღდგომო ლიტურგია

ზურაბიშვილი: ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება, რადგან პრეზიდენტი ამ კუთხით "სამაგალითო" უნდა იყოს. 

"ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვილოცებთ. ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს ასევე იქნება ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება", - თქვა ზურაბიშვილმა და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი. ხელისუფლებას საპატრიარქოს გადაწყვეტილებების მიმართ შერჩევითი მიდგომისთვის აკრიტიკებენ, განსაკუთრებით, მოახლოებული საეკლესიო დღესასწაულების გათვალისწინებით - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლის ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, ე.წ კომენდანტის საათის პირობებში როგორ ჩატარდება ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია და წირვა ღამისთევით. დეკანოზმა შალვა კეკელიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მრევლი ეკლესიებში საღამოს 21:00 საათმდე შეიკრიბოს და დილის 06:00-მდე იქ დარჩეს. მოგვიანებით, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

მღვდელმთავრებისა და მთავრობის წევრების თქმით, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

კომენტარები