შსს

გომელაური ჭიათურის საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიდის: ეს თემა არ მომხდარა, ცრუ ინფორმაციაა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური "ცრუ ინფორმაციას" უწოდებს ჭიათურაში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევას, რომელზეც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ის ამბობს, რომ ასეთი რამ "არ მომხდარა".

"სამწუხაროა ძალიან, როდესაც ასეთი ამბები ხდება მსოფლიოში, არამარტო საქართველოში და ამისთვის ვიცლით ყველა, რომ ელემენტარულია, ამ ცრუ ინფორმაციას ვავრცელებთ, როგორც ჩემთვის ცნობილია,"- ამბობს გომელაური. 

გომელაურის თქმით, მან ეს საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შეასწავლინა  და "არაფერი მომხდარა". 

"ძალიან ბევრი სამსახური არსებობს - სახალდო დამცველი, გენერალური ინსპექცია, სახელმწიფო სამსახური, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ეს ადამიანები, მაგრამ მე გეუბნებით, ეს თემა არ მომხდარა. არ მომხდარა, რომ სცემა ვიღაცამ, ძალით წაიყვანა, შეუზღუდა თავისუფლება და ა.შ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია, მოიკვლევენ და დაიდება ნახეთ,"- ამბობს გომელაური. 

ჭიათურელი კაცის, გიორგი კაპანაძის, თქმით, 8 აპრილს საღამოს ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო მას პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც გიორგი კაპანაძე მთავარი არხისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყვება, 8 აპრილს, საღამოს 9 საათი ხდებოდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სიგარეტი დაუმთავრდა და მეზობელთან გადავიდა, რათა მისთვის აივნიდან სიგარეტი ჩამოეგდოთ.

მონაყოლის მიხედვით, ამის შემდეგ, დაახლოებით 21:03 საათზე, მასთან პოლიციელები მივიდნენ და უთხრეს, რომ სამმართველოში უნდა გადაეყვანათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა და სამართალდამცავებმა სამმართველოში ჯარიმის დასაწერად ძალის გამოყენებით წაიყვანეს. კაპანაძის თქმით, სამმართველოში გადაიყვანეს ბავშვებიც, რომლებიც ეზოში მის გამოსასარჩლებლად გავიდნენ.. 

კაპანაძის მეზობელი ასევე მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ ხმაურზე ეზოში მეზობლებიც ჩავიდნენ, პოლიციელებმა მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთი ქალი "დაალურჯეს" და ისინიც გადაიყვანეს სამმართველოში დასაჯარიმებლა. მეზობლის თქმით, კაპანაძის გარდა, საუბარია 6 ადამიანზე. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო. 

"გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედები,"- აცხადებენ სამსახურში. 

ახალი კორონავირუსის პრევენციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში მთავრობამ საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი დააწესა, რომლის ფარგლებშიც გადაადგილება აკრძალულია. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრებაც. 

კომენტარები