კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა $5.5 ტრილიონი დაკარგოს

კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 2020-2021 წლებში 5,5 ტრილიონ დოლარს იზარალებს. ამ პროგნოზს, JP Morgan Chase-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, Bloomberg ავრცელებს

შედარებისთვის, სიდიდით მეოთხე ეკონომიკის - იაპონიის მშპ 4,8 ტრილიონი დოლარია.  "1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ, მსოფლიო ყველაზე მასშტაბური რეცესიის ფაზაში შედის", - წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში. 

პროგნოზების მიხედვით, კლება დიდ ხანს არ გაგრძელდება, თუმცა გლობალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 2022 წლისთვის აღიდგენს. "მონეტარული და ფისკალური სტიმულების არნახული მასშტაბების მიუხედავად, მსოფლიო მშპ კრიზისამდელ მაჩვენებლებს 2022 წლამდე ვერ დაიბრუნებს", - ნათქვამია პროგნოზში. 

პროგნოზი შედარებით უფრო ოპტიმისტურია განვითარებული ეკონომიკებისთვის, რომლებსაც კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გააჩნიათ. პროგნოზის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების მშპ კრიზისამდელ მაჩვენებლებს 2021 წლის მესამე კვარტალში დაუბრუნდება. 

საგრძნობლად უფრო მძიმეა მოლოდინები  განვითარებადი ეკონომიკების მიმართ. "კონცენტრირებული და კოორდინირებული ზომების გარეშე, განვითარებად ეკონომიკებში კრიზისი შესაძლოა ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს" - ამბობს ანალიტიკოსი ამლან როი. 

"თუკი განვითარებადი ბაზრები ივნისისთვის არ დაიწყებენ აღდგენას, კრიზისი შესაძლოა კიდევ წლები გაგრძელდეს, როგორც განვითარებად აზიურ და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. პანდემიის გავლენა ამ ეკონომიკებში შესაძლოა 5-დან 10 წლამდე გაგრძელდეს."

ამავდროულად პროგნოზი სახელმწიფოების მხრიდან სწორი და მასშტაბური ზომების მიღებაზეა გათვლილი. გამოწვევაზე არაკოორდინირებული და არასაკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში, ზარალი შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური იყოს. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში Covid-19-ის 1,5 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 88,567 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 330,782 პაციენტი.

კომენტარები