რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ეკლესიებში მისვლისგან და დროებით სახლიდან ილოცონ.
რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურმა სპეციალური მოწოდება გაავრცელა და მორწმუნეებს შეატყობინა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივიდნენ.
"კვლავინდებურად მოვუწოდებთ მორწმუნეებს, თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან, ეს მოწოდება ამ წუთისთვის ყველა შესაძლო არხით ვრცელდება. მოსახლეობა ჩვენს მოწოდებას გაგებით ხვდება და აცნობიერებს, რომ შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებული გამოცდაა, ჩვენი ახლობლებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის, გვიწევს უარი ვთქვათ ეკლესიაში მისვლაზე დიდ დღესასწაულებზეც კი", - თქვა რუსეთის საპატრიარქოს პრესსპიკერმა ვლადიმერ ლეგოიდამ.
გასულ უქმეებზე იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა პატრიარქმა კირილმაც. მან ადამიანებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.
რუსეთის მართმლმადიდებელი ეკლესია წინა პერიოდში ღიად ეწინააღმდეგებოდა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრების დახურვის იდეას. როდესაც სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა რეგიონში არსებულ ტაძრებში ვიზიტები აკრძალა, ეკლესიაში განაცხადეს, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.
რუსეთში ამ დროისთვის Covid-19-ის 5876 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 63 პაციენტი.