კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 სთ-ში გამოჯანმრთელებულების რიცხვმა დაინფიცირებულების რიცხვს გადააჭარბა

სომხეთში პირველად ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვმა დაინფიცირებულების რიცხვს გადააჭარბა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 20-ით გაიზარდა და ჯამში 853 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ერევნის ოფისი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რიცხვს, ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში 25 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 87. 

"დღეს სხდომა გვქონდა, ჯანდაცვის სამინისტრო და კომენდატურა კვლავ აგრძელებენ ფრთხილი ოპტიმიზმის შენარჩუნებას.

გუშინ ჩვენ გვქონდა გამონაკლისი დღე იმ კუთხით, რომ ფაქტობრივად, იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც საავადმყოფოებიდან გაწერეს, ანუ გამოჯანმრთელებულების, პირველად იყო ახალ ინფიცირებულთა რიცხვზე მეტი,"- თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. 

ამ დროისთვის სომხეთში ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან 8 ადამიანია გარდაცვლილი. 

კომენტარები