აგრარული ბაზარი

დავითაშვილი: ბაზრებში ვაჭრობა ეკრძალება დაავადებების მქონე პირებს და 70 წელს გადაცილებულებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობამ აგრარული ბაზრები დახურა, რის შედეგადაც შემოსავლის გარეშე 45 ათასი მოქალაქე დარჩა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ბაზრების მუშაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა. 

"სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წარედინება აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვას აგრარულ ბაზრებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის არსებობს შეზღუდვები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჯანდაცვის რისკებიდან" - თქვა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა მოიძიოს მოვაჭრე პერსონალის ინფორმაცია, სად იყვნენ და ვისთან ჰქონდათ მათ კონტაქტი. 

მისივე თქმით, დაცული უნდა იყოს ვაჭრობის წესები და დახლებს შორის დისტანცია. 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება. 4 მარტის დილიდან ოზურგეთის ბაზარი დაიხურა. 6 აპრილიდან, ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიხურა. ხოლო დღეიდან, 7 აპრილიდან, თბილისის ყველა აგრარული ბაზარი იკეტება.

კომენტარები