აშშ-ირანი

ზარიფი ტრამპს: ირანს მარიონეტები არ ჰყავს, მეგობრები ჰყავს

ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ირანი ერაყში აშშ-ს ძალებზე თავდასხმას აპირებდა და თუ ეს მოხდებოდა დიდ ფასს გადაიხდიდნენ. ზარიფი წერს, რომ ირანს მარიონეტები არ ჰყავს, მხოლოდ მეგობრები და რომ მხოლოდ თავის დაცვის მიზნით მოქმედებენ:

"შეცდომაში ნუ შეგიყვანენ ჩვეული ომის გამჩაღებლები.

ირანს მეგობრები ჰყავს: ვერავის ეყოლება მილიონობით მარიონეტი

აშშ-საგან განსხვავებით, რომელიც იტყუება, თაღლითობს და კლავს, ირანი მხოლოდ თავის დასაცავად მოქმედებ. ღიად

ირანი ომებს არ დაიწყებს, მაგრამ გაკვეთილს ასწავლის მათ, ვინც დაიწყებენ"

ტრამპმა 1-ელ აპრილს განაცხადა, რომ ირანი ერაყში აშშ-ის ჯარების და აქტივების წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა.

"ირანი ან მისი მარიონეტები ერაყში აშშ-ის სამხედრო ძალებზე და/ან აქტივებზე ჩუმ თავდასხმას აპირებენ. თუ ეს მოხდება, ირანი ნამდვილად ძალიან დიდ ფასს გადაიხდის." დაწერა მან ტვიტერზე.

უცნობია რა ინფორმაციას ეყრდნობა დონალდ ტრამპი, თუმცა პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ აშშ-ის სამიზნე დიდი ალბათობით ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლა იქნებოდა, რომელსაც ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე არაერთი თავდასხმა აქვს განხორციელებული.

"ამას ირანი მეთაურობს, თუმცა არა აუცილებლად ირანი, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რაც, ჩემთვის ირანს ნიშნავს." თქვა ტრამპმა.

აშშ ერაყში სამხედრო ბაზებს აძლიერებს და პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემებს ამონტაჟებს.

გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 მსგავს თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დამბობმა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად კი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლულია ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

14 მარტს, დილით, ერაყში ტაჯის სამხედრო ბაზაზე 33 Katyusha-ს ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. შედეგად მძიმედ დაშავდა ერაყის სამხედრო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი და 2 ამერიკელი სამხედრო. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო. 12 მარტს ამავე ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხად აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თქმით დარტყმების სამიზნეს ერაყის სხვადასხვა რეგიონში ქათა'იბ ჰეზბოლას იარაღის 5 საწყობი წარმოადგენდა. მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით აშშ-ის დარტყმებისას მოკლულია 26 ადამიანი.

კომენტარები