კაპანაძე: 20 ივნისის ღამეზე ომბუდსმენის ანგარიში ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი სერგი კაპანაძე 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გავრილოვის ღამეს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, ბრძანება არ ყოფილა. 

კაპანაძის თქმით, ომბუდსმენის ანგარიშმა ძალიან ბევრი ახალი კითხვის ნიშანი გააჩინა, განსაკუთრებით კი იმ ნაწილში, სადაც სწორედ რაციების ჩანაწერებს მიმოიხილავს. 

"აშკარაა, რომ ან გამოძიებამ დამალა კონკრეტული რაციების ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან კიდევ ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი, მათ შორის რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენება, ბრძანების გარეშე ხდებოდა," - თქვა სერგი კაპანაძემ. 

დეპუტატის შეფასებით, ეს ბუნებრივია იწვევს კითხვას, თუ რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებმაც რეზინის ტყვიები ბრძანების მიუხედავად გამოიყენეს. 

"ამ მოხსენებაში კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში გამოუძიებელი საქმეები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და, ზოგადად, სისტემა, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ და 20 ივნისმა და მას მერე განვითარებულმა ამბებმა ძალიან კარგად, თუ ცუდად აჩვენა ეს საზოგადოებას,"- თქვა კაპანაძემ. 

20-21 ივნისის მოვლენებზე სახალხო დამცველის შუალედური ანგარიში 2 აპრილს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების - კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, "ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ".

ანგარიშის თანახმად, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რეკომენდაცია, რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. თვეების განმავლობაში, პარლამენტთან დემონსტრანტები ითხოვდნენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრს, გიორგი გახარიას აეღო და თანამდებობა დაეტოვობინა. მმართველმა გუნდმა კი, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და რამდენიმე თვეში პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

თავად გიორგი გახარიას ამბობდა, რომ ელოდებოდა გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდებოდა. გახარია ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებდა.

ასევე წაკითხეთ: გავრილოვის ღამე - გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა

კომენტარები