კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, პრაქტიკულად, აკრძალულია

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დადგენილებაზე და არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვებზე ისაუბრა. თურნავას თქმით, ამ ეტაპზე სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქციის გარდა ყველა სახის ონლაინ გაყიდვები "პრაქტიკულად" აკრძალულია. 

გაურკვევლობა მთავრობის დადგენილებაში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლიდანაც კვლავაც უცნობია იკრძალება თუ არა საკვების გარდა სხვა სახის ონლაინ გაყიდვები. 

თურნავას თქმით, აკრძალვა მხოლოდ ფარმაცევტულ ნაწარმს და სასურსათო გაყიდვებს არ ეხება. „მაგრამ ჩვენ აქაც გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესების დაცვას. მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემა, საკმაოდ დიდი ურთიერთობათა ჯაჭვი - იქ არის საწყობები, ჩართულია მიტანის სერვისები, ჩართულია ოფისები. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ონლაინ გაყიდვები, იმიტომ, რომ ესეც არ იყო მარტივი - ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთანაც იყო ეს დაკავშირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ცნობით, მიმდინარეობს იმ საკითხზე მუშაობა, თუ როგორი მოდელით და ფორმატით იქნეს შეთავაზებული ამ ბიზნესისთვის მუშაობის გადაწყობა. 

"ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, ძალიან მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გადავიდეს ონლაინ გაყიდვებზე და ვინც ჩართულია ამ ბიზნესში“, - განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, როგორც კი სახელმწიფო დარწმუნდება იმაში, რომ კომპანიები საქმიანობას წესების დაცვით ახორციელებენ, ისინი შესაბამის ნებართვებს მიიღებენ. "როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ დავუშვათ  კონკრეტული კომპანიების საქმიანობა. როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, რა თქმა უნდა, მთელი სფერო იფუნქციონირებს", — ამბობს ნათია თურნავა.

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შესახებ 30 მარტს მიღებული დადგენილებით, 31 მარტიდან საქართველოში, საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა შეწყდა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ 31 მარტს განცხადებები ტექნიკის მაღაზიათა მსხვილმა ქსელებმა გაავრცელეს. ვაჭრობა შეწყვიტა მცირე და საშუალო ბიზნესსმაც. 

უკვე პირველ აპრილს, მთავრობის დადგენილებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა ახალი წესების მიხედვით, დასაშვები გახდა სურსათისა და ფარმაცევტული ნაწარმის ონლაინ გაყიდვა. ამის გარდა დასაშვები გახდა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დისტანციურად ხორციელდება და სამუშაოს შესასრულებლად ოფისში არ იმყოფება ხუთზე მეტი ადამიანი. 

ცვლილების შემდეგ, მუშაობა ნაწილობრივ განაახლეს ტექნიკის მაღაზიათა ქსელებმა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადებები ოფიციალური გვერდებიდან აიღეს. 

კომენტარები