აშშ - ირანი

ტრამპი: ირანი ერაყში აშშ-ს ძალებზე თავდასხმას აპირებს, თუ ეს მოხდება დიდ ფასს გადაიხდის

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1-ელ აპრილს განაცხადა, რომ ირანი ერაყში აშშ-ის ჯარების და აქტივების წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა.

"ინფორმაციაზე დაყრდნობით, ირანი ან მისი პროქსები ერაყში აშშ-ის სამხედრო ძალებზე და/ან აქტივებზე ჩუმ თავდასხმას აპირებენ. თუ ეს მოხდება, ირანი ნამდვილად ძალიან დიდ ფასს გადაიხდის," - წერს აშშ-ის პრეზიდენტი თავის Twitter-ის გვერდზე.

18 მარტს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანმა ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხი გასცა და კიდევ გასცემდა

12 მარტს ერაყში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განხორცილებული შეტევისას კოალიციური ჯარების 3 სამხედრო პირი დაიღუპა. მათ შორის 2 ამერიკელი და ერთი ბრიტანელი.

გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 მსგავს თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დამბობმა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად კი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლულია ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ. აშშ-მა ირანს კიდევ დამატებითი სანქციები დაუწესა.

კომენტარები