BLOOMBERG: აშშ-ის დაზვერვა ჩინეთს კორონავირუსის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს

Lintao Zhang/Getty Images

გამოცემა Bloomberg აშშ-ის სამ მაღალჩინონანზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს. 

გამოცემის ცნობით, თანამდებობის პირები ანონიმურად დარჩენას ითხოვენ, ვინაიდან ანგარიში გასაიდუმლოებულია და ამასთან, უარს ამბობენ, მისი შინაარსის დეტალების გამჟღავნებისგან. თუმცა, მათი განცხადებით, ანგარიშის ძირითადი ხაზი ისაა, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევებსა და სიკვდილიანობაზე ჩინეთის საჯარო მონაცემები განზრახ არასრული იყო.

Bloomberg ერთერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ დასკვნა თეთრმა სახლმა გასულ კვირას მიიღო. 

ახალი კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში 2019 წლის ბოლოს დაიწყო, თუმცა ქვეყანას ამ დროისთვის ვირუსის 81 554 შემთხვევა აქვს დადასტურებული, საიდანაც მათივე ინფორმაციით, 3 312 ადამიანი გარდაიცვალა. 

როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის პრესოფისი და ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 

ჩინეთის ხელისუფლება განმეორებითად ცვლიდა ახალი კორონავირუსის აღრიცხვის მეთოდოლოგიას და კვირების განმავლობაში გამორიცხავდა ადამიანებს, რომლებსაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაჰქონდათ. 1 500-ზე მეთი უსიმპტომო შემთხვევა ჩინეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 31 მარტს აღრიცხა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი იმუნოლოგი დებორა ბერქსი ამბობს, რომ ჩინეთის საჯარო აღრიცხვიანობამ მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის ბუნების აღქმაზე მოახდინა გავლენა. 

"სამედიცინო საზოგადოებამ ჩინეთის მონაცემებს შემდეგნაირი ინტერპრეტაცია გაუკეთა: ვირუსი სერიოზულია, თუმცა იმაზე მცირე, ვიდრე ვინმე ელოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩემი აზრით, ჩვენ, სავარაუდოდ, გვაკლდა მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გამოჩნდა ახლა, როდესაც ვნახეთ, რა მოხდა იტალიაში და რა მოხდა ესპანეთში,"- თქვა დებორა ბერქსმა. 

ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები მონაცემების დაფარვასი ადანაშაულებენ. ჩინეთთან ერთად, ახალი კორონავირუსის შემთხვევების ხელოვნურად შემცირებაში ადანაშაულებენ ირანს, რუსეთს, ინდონეზიასა და განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კორეას, სადაც ამ დრომდე, სახელმწიფოს ცნობით, არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ჩინეთსა და სხვა სახელმწიფოებს საჯაროდ მოუწოდა, ვირუსის გავრცელების შესახებ გამჭვირვალე მონაცემები აწარმოონ. პომპეო ჩინეთს პრობლემის დაფარვაში და ინფორმაციის ნელა გაზიარებაში ადანაშაულებს, განსაკუთრებით ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში. 

"ეს მონაცემები მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანების სიცოცხლეების გადარჩენა, ჩვენ გვჭირდება თავდაჯერება და ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოხდა რეალურად. დაჟინებით მოვუწოდებ ყველა ერს: ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მოაგროვოთ მონაცემები. ყველაფერი გააკეთეთ ინფორმაციის გასაზიარებლად. ჩვენ ამას ვაკეთებთ,"- თქვა პომპეომ. 

კომენტარები