კორონავირუსი საქართველოში

მდინარაძე ეკლესიაზე: ძირითადად რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერის, მამუკა მდინარაძის, თქმით, ეკლესიების ძირითად და უმეტეს შემთხვევებში რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება და დარღვევები მხოლოდ ინდივიდულურ შემთხვევებს ეხება. 

"ეს არის ინდივიდუალური შემთხვევები სუპერმარკეტში თუ ეკლესიის მიმდებარედ და ასე შემდეგ. ყველგან გვაქვს ინდივიდუალური დარღვევები, თუმცა ეკლესიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადად და უმეტეს შემთხვევაში რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება. ამას მოწმობს გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები თუ როგორ იცავს მრევლი სოციალურ დისტანციას, რისთვისაც მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ,"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

მდინარაძის თქმით, დამატებით რა ღონისძიებებს გაატარებს ეკლესია, ამაზეც "იმსჯელებენ შიგნით". მისი აზრით, როგორც ეკლესია, ასევე საზოგადოების მთელი სპექტრი ყველა რეკომენდაციას გაგებით უნდა შეხვდეს. 

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ რისკების ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ მათი მინიმალიზაცია თითოეულ მოქალაქეზე და მის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო ზედმიწევნით, კარგად და თანმიმდევრულად აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება, ახლა ჯერი არის მოქალაქეებზე, იმისთვის რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას და, მეორე მხრივ, ეკონომიკას არ მიადგეს ისეთი ზიანი რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება,"- თქვა მდინარაძემ. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად 30 მარტს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პარალელურად ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი დააწესა, მათ შორის დაწესდა კომენდანტის საათი და აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებები. 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ეს შეზღუდვები ეკლესიაზე, პრემიერმინისტრმა გახარიამ თქვა, რომ "სრული კარანტინი, ე.წ კომენდატის საათი ნიშნავს, რომ 21 საათიდან დილის 6 საათამდე ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ აფთიაქებს - სხვას არაფერს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი". 

თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს მისი გაკეთებული განცხადება, რომ შეკრების თავისუფლების "შეზღუდვა შეეხება ყველას და ყველაფერს", ეკლესიასთან მიმართებით მართალი არ აღმოჩნდა, რადგან მიუხედავად გაზრდილი რისკისა, ეკლესიებში კვლავ აღევლინება წირვა-ლოცვა, კვირაობით კი მორწმუნეები კვლავ ერთი კოვზით ეზიარებიან. 

31 მარტს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პატრიარქ ილია II-ს შეხვდა

21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 31 მარტის 16:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 110 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 995 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები