გაბუნია: 2 000 ერთეული სწრაფი ტესტი საქართველოში კვირას ჩამოვიდა

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 2000 ერთეული სწრაფი ტესტი საქართველოში კვირას ჩამოვიდა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიგინგზე გაბუნიამ თქვა, რომ ტესტები, რომლებიც საქართველომ მიიღო, ანტიგენზეა დამყარებული. მისივე თქმით, საქართველოს აქვს 4 000 ერთეული ანტისხეულზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხს უფრო გვიან იძლევა, თუმცა, დიაგნოსტიკურ ალგორითმში თავისი ადგილი აქვს.

“ანტიგენზე დამყარებული 2000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ ისევ PSR მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. ჩვენ დღეს გვექნება ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, რომელ კლინიკებში მოხდება ამ ტესტების გამოყენება. ასევე, არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან, რათა მეტი სწრაფი ტესტის საქართველოში შემოტანა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს.

რაც შეეხება ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯებს, საქართველო მათი ერთადერთი მწარმოებელი კომპანიისგან პასუხს აპრილის ბოლოს ელოდება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ისე ჩინეთთან და გვპირდებიან ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მუშაობა "ცეფეიდთან". "ცეფეიდის" დასახელება შემიძლია, რადგან ის ცნობილია, რომ არის კარტრიჯების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, რომელიც ემაყრება PSR ტექნოლოგიას და ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადების შემთხვევაში. „ცეფეიდის“ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოებასა და სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე. ამდენად, ის მოლაპარაკება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს „ცეფეიდის“ სათაო ოფისთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით და დროულად დასრულდეს. ქვეყანა არის იმ სხვა ქვეყნებთან ერთად გარკვეული მოლოდინის რეჟიმში ანუ რიგია „ცეფეიდის“ კარტრიჯებზე და იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოსკენ უკვე გვექნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღებს ქვეყანა კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას ცხელების კლინიკებში", - თქვა გაბუნიამ.

215 000 ერთეული სწრაფი ტესტი საქართველოს ხელისუფლებას ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-სგან უნდა შეეძინა, თუმცა, კომპანიამ ტესტები დაბალი ხარისხის გამო უკან გაიწვია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა 27 მარტს განაცხადა, ხელშეკრულება ანულირებულია.

სწრაფი ტესტების საჭიროებაზე ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის წარმომადგენლები კვირების განმავლობაში საუბრობდნენ, თუმცა, მოგვიანებით, მათი საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები