წამყვანი ეპიდემიოლოგების მიერ ჟურნალ The Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმაზე დაბალია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.
თუ აქამდე მიიჩნეოდა, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2% იყო, ახალი კვლევის თანახმად, COVID-19 დაინფიცირებულთა 0.66%-ის სიცოცხლეს იწირავს.
კვლევაში გამოთვლილ შედარებით დაბალ მაჩვენებელს ის განაპირობებს, რომ მეტადაა გათვალისწინებული დაინფიცირების აღურიცხავი შემთხვევები.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ასაკობრივ ჭრილში. თუ 9 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობა 0.00161%-ს არ სცდება, 60 წლამდე 1%-ს არ აჭარბებს, ხოლო 80 წლის ან უფრო ხნიერი დაინფიცირებულების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 7.80%-ს აღწევს:
- 0–9 წელი - 0.00161%
- 10–19 - 0.00695%
- 20–29 - 0.0309%
- 30-39 - 0.0844%
- 40-49 - 0.161%
- 50-59 - 0.595%
- 60-69 - 1.93%
- 70-79 - 4.28%
- 80 ან მეტი - 7.80%





