იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 11 591

AP

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ვირუსულმა ინფექციამ 11 591 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 4 050 ახალი შემთხვევა. 30 მარტის საღამოს მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 101 739 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 14 620 გამოჯანმრთელდა, 3 981 პირის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

იტალიის შემდეგ ვირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი [7 340] ესპანეთში დაფიქსირდა. ხოლო, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-ში აღირიცხა.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონადაა გამოცხადებული

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

კომენტარები