პრინცი ჩარლზი ახალი კორონავირუსის დიაგნოზის გამო თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება და თავს კარგად გრძნობს - ამის შესახებ სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ისაუბრა.
71 წლის პრინცმა, თვითიზოლაციაში 7 დღე გაატარა, მას შემდეგ რაც Covid-19-ის ვირუსი დაუდასტურდა. ტესტი ჩაუტარდა მის ცოლსაც, კორნვოლის ჰერცოგინიასაც და ვირუსი არ დაუდგინა, თუმცა თვითიზოლაციაში ისიც იმყოფებოდა.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის თქმით, პრინცი ჩარლზი მთავრობის მიერ დადგენილ შეზღუდვებს ითვალისწინებდა.
"კლარენს ჰაუსმა [სამეფო ოჯახის წევრების რეზიდენცია] ექიმთან კონსულტაციების შემდეგ დაადასტურა, რომ უელსის პრინცს შეუძლია შეწყვიტოს თვითიზოლაცია", - თქვა მან.
რამდენიმე დღის წინ, ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის დედოფლის შესახებაც ისაუბრეს და თქვეს, რომ პრინცმა ჩარლზმა ის ბოლო 12 მარტს ნახა და დედოფალი თავს კარგად გრძნობდა.