კალაძე: მთავარია, რომ PCR - ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს

ინტერპრესნიუსი

კახა კალაძე ამბობს, რომ მთავარია, რომ საქართველოში გვაქვს PCR ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, კალაძის განცხადებით, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია.

„რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ PCR ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ." , - თქვა თბილისის მერმა.

***

215 ათასი ერთეული სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოში აპრილის ბოლომდე ეტაპობრივად უნდა შემოსულიყო, მომწოდებელმა კომპანიამ უკან გაიწვია. ინფორმაცია 27 მარტს გავრცელდა. მიზეზი ტესტების დაბალი ხარისხი გახდა, რის გამოც ისინი მომწოდებელ კომპანიას თავდაპირველად ესპანეთმა დაუბრუნა. თუმცა, ტიკარაძემ თქვა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებას აწარმოებს Covid 19-ის ტესტების მწარმოებელ რამდენიმე სხვა კომპანიასთან, საიდანაც ერთი შეირჩევა.

29 მარტის მდგომარეობით, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა და გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის სწრაფი ტესტები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო იყო, NCDC-ის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებმა არაერთხელ გააკეთეს.

სწრატ ტესტებზე პირველად ამირან გამყრელიძემ 10 მარტს ისაუბრა. მან თქვა,რომ საქართველოს ჩინეთის ხელისუფლება გადასცემდა 1 000 ერთეულ ტესტს, რომლებიც იმ დროსთვის არ იყო ვალიდური ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა, ტექნილოგიების სწრაფად განვითარების პირობებში შესაძლოა 1 თვეში კარგი ტესტებიც შექმნიიყო.

18 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ გამოიყენა ტერმინი "აგრესიული ტესტირება" და თქვა, რომ საშუალებით ბევრი კორონავირუსით ინფიცირების ბევრი შემთხვევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი. ტიკარაძემ ამის მაგალითად კორეა დაასახელა.

"ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, რადგან ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი, კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ", - თქვა მან.

18 მარტს პაატა იმნაძემ განაცხადა: "როცა სიტუაცია მოითხოვს, მაშინ დაიწყება აგრესიული ტესტირება და განხორციელდება მაქსიმალურად ბევრ ადგილას. ეს იქნება მეოთხეულის მერე, უფრო ფართო გავრცელების დროს"

20 მარტი, პაატა იმნაძე: "შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ბევრი უხარისხო Fake-ტესტი, არის მსოფლიოში ამის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით კერძო სექტორში ყველასი, ვინც შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში ვალიდური იქნება".

21 მარტი, ეკა ტიკარაძე: "სწრაფი ტესტი უფრო სწრაფად ადგენს პაციენტი დაინფიცირებულია თუ არა - თუ ლუგარის ლაბორატორიაში საჭირო იყო 5-დან 6 საათამდე, აქ ჩვენ პასუხები გვექნება 1 საათში".

23 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპრილის ბოლომდე საქართველოში სულ 216 ათასი ცალი ტესტი შემოვიდოდა, მათგან 1000 - ჩინეთის მთავრობის საჩუქარი იყო.

"ამ კვირაში ჩვენ ველოდებით საწყის რაოდენობას ანტიგენზე დამყარებული ტესტებისა, რომელიც არის ერთადერთი სწორი ლაბორატორიული მეთოდი კორონავირუსის გამოვლენისთვის შესაბამის ბიოლოგიურ მასალაში და არა სისხლში", - თქვა თამარ გაბუნიამ.

24 მარტს პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტები, რომლებიც პასუხებს 10-დან 30 წუთამდე დროში იძლევა, "ძალიან კარგია მასობრივი კვლევების დროს, აი ისეთი, როგორიც შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს საქართველოს იმ რაიონში, სადაც მოგეხსენებათ, რომ გაცილებით აქტიურად ვეძებთ შემთხვევებს. ასეთი კვლევები შეიძლება საჭირო გახდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".

იმნაძემ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები იგულისხმა, 23 მარტიდან ეს რეგიონები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ვინაიდან მარნეულში 60 წელს გადაცილებულ ქალს ინფექცია დაუდასტურდა, მისი კონტაქტების ჯაჭვში კი 1700-მდე ადამიანი იყო. ქალი კლინიკაში 18 მარტს მოათავსეს, კორონავირუსზე ტესტი კი მხოლოდ 22 მარტს გაუკეთეს.

თუმცა, წინა დღეს, 23 მარტს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ტესტი პანაცეა არ არის და რომ პაციენტს მკურნალობა არ დაკლებია.

იმავე დღეს, 24 მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ თქვა, რომ ელოდებოდა სპეცრეისს, რომელიც საქართველოში სწრაფ ტესტებს ჩამოიტანდა და რომელთაც, პირველ რიგში, მარნეულში გამოიყენებდნენ.

"ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ვთვლით, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ეს არის მარნეულის რეგიონი. რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისე სწრაფად გავრცელება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ ეს მოგვცემს საშუალებას რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავების და მისი დინამიურობის გაკონტროლების“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

24 მარტს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ვინ ისარგებლებდა სწრაფი ტესტებით:

"მაღალი რისკის ჯგუფები, კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, მათი ხშირი კონტაქტებიდან გამომდინარე არიან რისკის მატარებლები. ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ის პირები ვისაც აქვს მაღალი რისკი, იმოგზაურეს, აქვთ გამოხატული სიმპტომები, ჯერჯერობით ეს იქნება მთავარი სამიზნე ჯგუფები. დრამატული ცვლილება ამ ეტაპზე ტესტირების მოდელში და ალგორითმში მოსალოდნელი არ არის".

სწრაფი ტესტების პირველი პარტია საქართველოში 25 მარტს ჩამოვიდა. ეკა ტიკარაძემ ამ დღესაც თქვა, რომ მათ მარნეულში გამოიყენებდნენ.

28 მარტს ეპიდემიოლოგებმა სწრაფი ტესტების შესახებ კითხვის ნიშნები გააჩინეს.

პაატა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში ოპოზიციის მისამართით თქვა:

"ამ ქვეყანაში ყველა ეპიდემიოლოგი გახდა. რაღაც ჩვენც ვიცით. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ, უფრო უჭირთ... რჩევას ყველასგან მივიღებ. მარტო კი არ ვმუშაობ, აქ ისეთი ადამიანების გუნდია შეკრებული. მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველა რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცობას. ტესტებს თავის აზრი, თავისი გამოყენების დრო აქვს, რომელი ტესტი, როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როცა ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს იმის დრო, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ყველა მსურველისთვს ვატარო. სხვა დროს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას".

28 მარტი: ამირან გამყრელიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჟურნალისტები და საზოგადოება აღნუშნულ ტესტებს "სწრაფ ტესტებად" მოიხსენიებს. მისი თქმით, ეს არასწორია და რეალურად საქმე "დაჩქარებულ ტესტებთან" გვაქვს.

კომენტარები