რუსეთი

რუსეთის პატრიარქმა მრევლს მოუწოდა თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. პატრიარქ კირილის სიტყვებს რია ნოვოსტი ავრცელებს. 

"მე ამას არასდროს გეტყოდით, რომ არ არსებობდეს მარიამ მეგვიპტელის მაგალითი", — განაცხადა კირილმა მაცხოვრის ტაძარში გამართულ საკვირაო ქადაგებაზე. მარიამ მეგვიპტელი წმინდანია, რომელმაც საეკლესიო გადმოცემის თანახმად უდაბნოში 47 წელი მარხვასა და მარტოობაში გაატარა

რუსეთის პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, დაიცვან ხელისუფლების რეკომენდაციები სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის დაცვის შესახებ.

რუსეთის მართმლმადიდებლური ეკლესია წინა პერიოდში ღიად ეწინააღმდეგებოდა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრების დახურვის იდეას. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის, ალექსანდრ ბეგლოვის გადაწყვეტილებით რეგიონში არსებულ ტაძრებში ვიზიტი აიკრძალა, ამის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში განაცხადეს, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

რუსეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 1534 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 8 პაციენტი.

კომენტარები