ტიკარაძე: "კატასტროფის ცენტრი" ერთ-ერთია, რომელსაც რეგულირების სააგენტო ნდობას უცხადებს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ თქვა, რომ კომპანია "კატასტროფის ცენტრი", რომელიც მოქალაქეებს ახალ კორონვავირუსზე სწრაფ ტესტებს შინ მისვლით და 150 ლარად სთავაზობს, იმ 4 კომპანიას შორისაა, რომელთაც რეგულირების სააგენტომ სანდოობა გამოუცხადა.

რაც შეეხება ფასს, მინისტრის თქმით, სახელმწიფო ფასი დადგენაზე მუშაობს.

„ჩვენ სულ მალე დავადგენთ ამ ტესტების მოხმარების ფასს, რაც იქნება საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ამ კომპანიას, რეგულირების სააგენტოსა და ასევე იმ კომისიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაში შედიან ჩვენი ინფექციონისტები, ლუგარის ლაბორატორია, სანდოობა გამოეცხადა მხოლოდ 4 კომპანიას. ეს კომპანია შედის ამ ჩამონათვალში", - თქვა ტიკარაძემ.

ინფორმაცია, კომპანია "კატასტროფის ცენტრი" მოქალაქეებს ბინაზე მისვლით კორონავირუსე სწრაფ ტესტს ჩაუტარებდა, 27 მარტს გავრცელდა. ცენტრი წერს, რომ ტესტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის აკრედიტებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ "რეგულირების სააგენტო შეამოწმებს, რა ტიპის ლაბორატორიასთან გვაქვს საქმე, რათა ტესტების გამოყენებას უკონტროლო და კომერციული ხასიათი არ ჰქონდეს“.

ვითარება გაბუნიასგან ოდნავ განსხვავებულად აღწერა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა.

ზაალ კაპანაძემ ტაბულას უთხრა, რომ კერძო კომპანიები ნებისმიერი ტიპის ტესტს თუ სხვა სამედიცინო პროდუქტს მათთან არეგისტრირებენ, რის შემდეგაც მათ ამ პროდუქციის სხვა კომპანიისთვის გადაცემის უფლება ეძლევათ, სწორედ ასეთი მესამე კომპანიაა "კატასტროფის ცენტრი".

"რეგულირების სააგენტოს 8 იურიდიულმა პირმა მიმართა გარკვეული ტესტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დოკუმენტაციების შესწავლის შემდეგ, ისე, როგორც ეს ხდება სხვა ტიპის ტესტებზე ან სხვა ნებისმიერი სამედიცინო პროდუქციის რეგისტრაციისას, 4-ს ეთქვა უარი, 4-ს კი მიეცა სხვადასხვა ტესტ სისტემებზე რეგისტრაციის უფლება. ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ კომერციული საიდუმლოებაა.

მეორეც, ამ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, შემოიტანონ პროდუქცია და შემდეგ მესამე პირებს გადასცენ, რომლებიც ტესტირებას განახორციელებენ.

ტესტი, რომელიც "კატასტროფის ცენტრმა" დაარეგისტრირა, არის ჩინეთში ნაწარმოები და გერმანიის კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებულია. ის შემოიტანა ჩვენთან დარეგისტრირებული 4-დან ერთ-ერთმა კომპანიამ და გადასცა "კატასტროფის ცენტრს", რომელიც ახლა ტესტირებას ახდენს. დანარჩენი 3-მა კომპანიამ შეიძლება თავად შემოიტანოს მსგავსი ტესტები, შეიძლება ასევე სხვებს გადასცეს", - თქვა ზაალ კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ტესტების მოხმარება სახლის პირობებშიც შეიძლება, სისხლში შაქრის შემცველობის ან ფეხმძიმობის ტესტის მსგავსად.

"კატასტროფის ცენტრს" თავის დროზე მიღებული აქვს სასწრაფო დახმარების გაწევის ლიცენზია, აქვს ტესტი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და ახლა თავისი ბიზნეს-ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს მომსახურებას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში შექმნილია" - ამბობს კაპანაძე.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა:

დღეს, 27 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია. შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 სწრაფ ტესტს აღარ შეიძენს.ახლა მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან მიმდინარეობს. რაც შეეხება ტესტებს, რომლებიც მარნეულში იქნა გამოყენებული, ტიკარაძის თქმით, ისინი PCR (ლაბორატორიული) ტექნოლოგიაზე დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რომელიც სხვა კომპანიის მიერ არის დამზადებული.

კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის მიერ დამზადებული ტესტები ესპანეთში გამოიყენეს. დასავლური მედიის ნაწილში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტესტების სანდოობა მხოლოდ 30%-ია, რის გამოც ესპანეთმა პროდუქცია უკან დააბრუნა.

23 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთიდან სწრაფი ტესტები საქართველოში 4 ეტაპად გადმოიგზავნებოდა. მათი მიღება აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

სწრაფი ტესტების პირველი პარტია, 1000 ცალი, რომელიც საქართველოს საჩუქრის სახით გადმოეცა, 25 მარტს შემოვიდა.

კომენტარები