კორონავირუსი საქართველოში

აჭარა ჯგუფი სახელმწიფოს საკარანტინო სივრცედ Holiday Inn Tbilisi-ს უთმობს

სასტუმრო Holiday Inn Tbilisi

აჭარა ჯგუფი სახელმწიფოს საკარანტინო სივრცედ თავის მმართველობაში არსებულ ყველაზე მასშტაბურ და მრავალოთახიან სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს უთმობს.  

"სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ. გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომელმაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა.

მივყვებით ყველა რეკომენდაციას და ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს, რათა მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრებისთვის,"- წერია აჭარა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში საკარანტინო ზონა 64 სასტუმროშია შექმნილი, სადაც 4 250 ადამიანია განთავსებული.  

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 11 უკვე გამოჯანმრთელდა. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. 

კომენტარები